მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 203-ე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა
01.06.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეწვია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა,  საჩუქრები გადასცა და სკოლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელთა წარმოდგენას დაესწრო.

203-ე საჯარო სკოლა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  200-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან  120 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. 203-ე სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და  იმ განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და მეთოდებს ფლობენ, რაც  ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას აუცილებელია. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.