საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ბელქანია თბილისის კერძო სკოლას ”ცისკარი” ეწვივნენ და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ. ამ სკოლის მოსწავლეები ქართული ჯარის ისტორიას შეისწავლიან, ეცნობიან ქართული არმიის შეიარაღებას, საგზაო უსაფრთხოების წესებსა და სამოქალაქო თავდაცვის საშუალებებს. მოსწავლეებს ასევე ასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.
ახალი სასწავლო კურსის დანერგვისთვის ამ სკოლის შესაბამისი კაბინეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჭირო ტექნიკითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვა.
აღნიშნული პროგრამა პირველ ეტაპზე პილოტირებას რუსთავის, მცხეთისა და თბილისის 15 სკოლაში გადის. ანალოგიური კაბინეტი მცხეთის №2 საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაისთან ერთად გახსნა. პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.
საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით იმ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც რეალური საფრთხეების წინაშე დგას, ძალზე მნიშვნელოვანია ისწავლებოდეს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი და მოზარდები თავდაცვის ელემენტალურ უნარ-ჩვევებს ფლობდნენ.