რეგიონული ტრენინგი თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში”.
17.07.2019

17 ივლისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაიწყო სამდღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში.” ტრენინგის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და მომხსენებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა. მან ხაზი გაუსვა მსგავსი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობას, ვინაიდან, როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო მუდმივად დგას ახალი გამოწვევენის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით და აუცილებელია დარგის ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება.

აღნიშნული ტრენინგი და საჯარო ლექცია ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICOM/DRMC-ის (ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის საერთაშორისო კომიტეტი) ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ხელშეწყობით, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ტარდება. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომლები, საქართველოს შსს-ს ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს თანამშრომლები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებს. 

ტრენინგის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მოიცავს შემდეგ საკითხებს:  

  • საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნა და მართვა;
  • სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და რისკების მართვის ძირითადი სამოქმედო პრინციპები და სტრატეგიები ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციებში;
  • დაზიანებისა და რისკების შეფასების, აგრეთვე მონაცემთა დოკუმენტირების მექანიზმები კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მსოფლიო გამოცდილებისა და რისკების მართვის თანამედროვე მეთოდები.

ტრენინგი ტარდება ICOM/DRMC-ის პრეზიდენტის, სმიტსონის ინსტიტუტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის კორინ ვეგენერის ხელმძღვანელობით.  ასევე პროექტის ფარგლებში, 19 ივლისს დაგეგმილია კ. ვეგენერის საჯარო ლექცია „საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები: ძირითადი პრინციპები, საუკეთესო პრაქტიკა, რეკომენდაციები“ და დისკუსია.