23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელოვან სიახლეებზე დღეს, ორბელიანის მოედანზე ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ისაუბრეს.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყოველწლიურად სხვადასხვა თეატრალურ დასს მასპინძლობს. საუკეთესო სპექტაკლების წარდგენასთან ერთად, ეწყობა მათი განხილვები, დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით.
წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანული სეზონის UK/Georgia 2019-ის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, გარდა ამისა, გაიმართება არტ-მარკეტი. თბილისის მერიასთან ერთად კი „თბილისობის“ ფარგლებში “საჰაერო თეატრი - მუარე გამოცდილება” მოეწყობა. ხოლო 2-6 ოქტომბერი ქართული სპექტაკლების პროგრამას დაეთმობა.
ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია გვერდზე: http://www.tbilisiinternational.com/
10 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი. პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა.