4 – 6 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
საქართველოს მასშტაბით, რეგიონული მუნიციპალიტეტების, ა(ა)იპ ცენტრების, სსიპ მუზეუმებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით უფასო გამოფენები, კონცერტები, უორქშოფები, მასტერკლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2019 წლის საერთო თემის „ხელოვნება და სანახაობა“ ფარგლებში მოეწყობა.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირზე.
2019 წლის ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში საქართველოში დაგეგმილ ღონიძიებათა პროგრამას გახსნის კოტე მარჯანიშვილის მიერ 1927 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის „ამოკი“-ს ჩვენება, რომელიც გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიას ბაღში, აღმაშენებლის გამზ. N73-ში, ელექტრონული მუსიკის თანხლებით.
„ამოკი“ ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა გადაღებული და უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაციაა ქართულ კინოში. 2017 წელს რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტის „კინომემკვიდრეობის დაცვის“ ფარგლებში ფილმის საწყისი მასალები იქნა ჩამოტანილი და ამავე პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მასალების სკანირება მაღალი გარჩევადობით, ფილმის ციფრულ რესტავრაციაზე კი გიორგი კაკაბაძემ იმუშავა.
საქართველოში 2019 წლის ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამა