განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 150-ზე მეტ მოსწავლეს, მასწავლებელსა და დირექტორს შეხვდა და მათ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იმ სიახლეებზე, რომელთაც სამინისტრო 2010-2011 წლებში ეტაპობრივად განახორციელებს.
მინისტრის განცხადებით, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანია მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და გაიზარდოს ატესტატის მნიშვნელობა. 2011 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ 10 საგანში ჩატარდება და სწორედ მისი შედეგები გახდება სკოლაში მიღებული ზოგადი განათლების დონის განმსაზღვრელი. ამ და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მომზადებულმა პრეზენტაციამ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, და როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, რეფორმის განხორციელების პროცესში ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან.
ანალოგიური შეხვედრები მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან მომავალშიც გაგრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.