ეკატერინე დგებუაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გამართა
06.12.2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ მიზანს ბულინგის წინააღმდეგ განხორციელებული საქმიანობის გაცნობა და ამ მიმართულებით მხარეების თანამშრომლობის ფორმატისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ბულინგის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებულ ინიციატივებსა და პროექტებს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, მათ მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ყველა მხარემ გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის სრული მზაობა ზემოაღნიშნული პრობლემის დაძლევის მიზნით.

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრების მთავარი მიზანია ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად სისტემური ხედვის ჩამოყალიბება, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა.

2019 წელს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივით ბულინგის პრევენციისთვის:

  • სკოლებში ჩატარდა 36 შეხვედრა;
  • 9 საპილოტე სკოლაში გადამზადდა პერსონალი;
  • 63 სკოლაში გადამზადდა 972 პედაგოგი და 52 ფსიქოლოგი;
  • თანასწორგანმანათლებელთა მომზადებისათვის 9 საპილოტე სკოლიდან გადამზადდა 12 მასწავლებელი და მანდატურის სამსახურის 4 თანამშრომელი;
  • კიბერუსაფრთხოებისა და გაჯეტდამოკიდებულების პრევენციის მიზნით 9 საპილოტე სკოლიდან გადამზადდა 12 მასწავლებელი და მანდატურის სამსახურის 18 თანამშრომელი;
  • მშობლების ცნობიერების ამაღლების მიზნით 4 სკოლაში ჩატარდა 6 შეხვედრა და გადამზადდა 70 მშობელი.

მომავალში დაგეგმილია:

  • ელექტრონული საკონსულტაციო პლატფორმის შექმნა;
  • სასკოლო მედიაციის კომპონენტის დანერგვა;
  • ცენტრში მომსახურების მიმღებთა მონაცემებზე დაყრდნობით ბულინგის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.