„მრავალფეროვანი საქართველო“ დაბა შაუმიანსა და მარნეულში
07.12.2019

9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდება. დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრში დაგეგმილია ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია, ასევე მოეწყობა საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ღონისძიების ფარგლებში ქ. მარნეულის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე და მუსიკალური ბენდი „კანუდოსი“. შაუმიანის სკოლებსა და ბიბლიოთეკას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

პროექტის მხარდამჭერია ქვემო-ქართლის გუბერნია, ქ. მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერია და მარნეულის კულტურის ცენტრი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2019 წლის 22 აპრილიდან ხორციელდება  სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

 ღონისძიებების განრიგი: დაბა შაუმიანი და ქ. მარნეული

  • 14:30-14:45 – დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნების წარდგენა;
  • 14:50-15:05 – დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრი: ლექცია თემაზე: „ჰოვანეს თუმანიანი – 150“ – საიუბილეო გამოცემის წარდგენა. წარმდგენი – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი;
  • 15:10-15:25 – დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრი:  ლექცია თემაზე: „ჰოვანეს თუმანიანი და თბილისი“. წარმდგენი - ჰოვანეს თუმანიანის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეპიანი;
  • 15:30-15:45 – დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრი:  ჰოვანეს თუმანიანის  საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი ფოტოგამოფენის წარდგენა. წარმდგენი - მხატვარი ივანე კეზუა.
  • 15:45-16:00 – მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ჩვენება.
  • 17:00-18:20 – ქ. მარნეული (მარნეულის კულტურის ცენტრი) – მუსიკალური კონცერტი: ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე - „ქართული დუეტის საღამო“; მუსიკალური ბენდი „კანუდოსი“.