ეკატერინე დგებუაძემ სოციალური მუშაკების გადამზადების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა
13.12.2019

განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში თბილისის მერიისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს სოციალური მუშაკების გადამზადების პროცესში არსებული გამოწვევების განხილვა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სისტემაში მომუშავე სოციალურ მუშაკთა სტატისტიკა, მათი სამუშაო პირობები და ბავშვის უფლებების დაცვის კოდექსის თანახმად დაკისრებული ვალდებულებების განხორციელების საკითხები. ასევე, ისაუბრეს აღნიშნულ სფეროში ადამიანური რესურსის სიმწირეზე და პროფესიაში მეტი ადამიანის მოზიდვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

მხარეებმა სოციალურ მუშაკთა გადამზადების თაობაზე ერთობლივად მუშაობის სრული მზაობა გამოთქვეს და საკითხების დეტალურად განსახილველად მომავალი შეხვედრები დაგეგმეს.