2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც დაესწრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მე-5 ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებას. სტუმრობისას, მინისტრის მოადგილემ მოინახულა სკოლაში მიმდინარე პროფესიული უნარების განვითარების კურსები და გაესაუბრა პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებს.
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში პირველივე ეტაპზე, 2017 წელს ჩაერთო და მიღწეული შედეგების მიხედვით ის მკაფიოდ გამოირჩევა პროგრამაში ჩართულ 600-მდე სკოლას შორის.
საჯარო სკოლაში 2017 წლიდან დაიწყო პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელება, რომელიც ცალსახად კარიერის მართვის ხასიათისაა და რომელიც განკუთვნილია მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული კურსების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საფუძვლიანი ინფორმაცია მათთვის სასურველი პროფესიიის შესახებ, სკოლაში მოწყობილ მცირე „პროფესიულ ლაბორატორიაში“ მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა პროფესიაში და განივითარონ საბაზო პროფესიული უნარები. ოთხი კერძო და საჯარო კოლეჯის ინიციატივით საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები მოსინჯონ ერთდროულად 7 პროფესიაში: ელექტროობა, კონდიტერია, კულინარია, ხის დამუშავება და სადურგლო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საექთნო საქმე და ტანსაცმლის დიზიანი/კერვა.
პროგრამაში სკოლის წარმატებული ოპერირების შემდეგ მას მიეცა პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსების განხორციელების უფლება, რომლებიც განკუთვნილია მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის. სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ პირველი ნაბიჯები გადადგან პროფესიაში და საფუძვლიანად შეისწავლონ პროფესიის ვიწრო ასპექტები. მიმდინარე ეტაპზე სამინისტრო მუშაობს არაფორმალური განათლების აღიარების საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რომლის საფუძველზეც სასერტიფიკატო კურსების კურსდამთავრებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ იღიარონ სკოლაში მიღებული პროფესიული კომპეტენციები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კოლეჯი „იბერია“ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში ახორციელებს სასერტიფიკატო კურსებს ელექტროობის, კულინარიისა და ტანსაცმლის დიზაინის/კერვის მიმართულებით.
გარდა პროფესიული უნარების განვითარების კურსების ეფექტურად ადმინისტრირებისა, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა წარმატებით ითავსებს ჰაბი სკოლის ფუნქციებს და ახლომდებარე 6 საჯარო სკოლის მე-8-12 კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ სკოლაში მიმდინარე 10-ვე საორიენტაციო და სასერტიფიკო კურსით. აღნიშნული ინიციატივის გათვალისწინებით, სკოლა ითავსებს არამარტო განათლების პროვაიდერის, არამედ როგორც სათემო საზოგადოების ცენტრის ფუნქციასაც.
პროგრამის საშემოდგომო სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე დამსწრე პროფესიულ კოლეჯებს, რომლებმაც გამოიჩინეს განსაკუთრებული ძალისხმევა და პროგრამის ფარგლებში დაიწყეს სხვადასხვა პროფესიის კურსების განხორციელება სკოლაში - „იქიდან გამომდინარე, რომ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციტეტებში არ მოქმედებს არც ერთი საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულება, განსაკუთრებით დასაფასებელია ქუთაისისა და თბილისის კოლეჯების მონდომება, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ სკოლებში დაიწყეს სხვადასხვა პროფესიის კურსების განხორციელება და ახალგაზრდებს პროფესიული განათლების გაცნობის შესაძლებლობა მისცეს. ვფიქრობ, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ძალიან დიდ როლს ასრულებს არამარტო პროფესიული ორიენტაციის სერვისების განვითარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით, არამედ ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პირველი მასშტაბური ინიციატივაა, რაც ყოველთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა“.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებას საჯარო სკოლების ბაზაზე. მინისტის მოადგილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს მიზანია ერთი მხრივ, სახელმწიფო რესურსების მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენება, ხოლო მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული კვალიფიციური კადრების მაქსიმალური ჩართვა საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებისა და განხორციელების პროცესებში, საჯარო სკოლების ბაზაზე პროფესიული პროგრამების ამოქმედება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მოქნილ და სტრატეგიულ გზას წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, განათლების სამივე საფეხური განიხილებოდეს არა განცალკევებულად, არამედ ერთიან კონტრექტში, ვინაიდან სამივე მათგანი განათლების სისტემის ნაწილია და განათლების ხარისხის განვითარება შეუძლებელია მათ შორის კავშირების აღმოჩენისა და მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე.
სკოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლის დირექტორები და რესურს ცენტრების წარმომადგენლები, პროგრამაში ჩართული მე-8-12 კლასის მოსწავლეები და იმ კოლეჯების ხელმძღვანელები და პროფესიული მასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის კურსებს ახორციელებენ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში.
ღონისძიებაზე პროგრამის მნიშნელობაზე ისაუბრეს როგორც პროფესიული კოლეჯების, ასევე ადგილობრივი რესურსცენტის ხელმძღვანელებმა და პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორებმა. ღონისძიების დასასრულს პროფესიული უნარების განვითარების სამივე სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები ტანსაცმლის დიზაინის, ელექტროობისა და კულინარიის კურსების წარმატებით გავლისთვის.