პროფესიულ სასწავლებლებს მიეცათ უფლებამოსილება, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი მთლიანად არადისტანციურ რეჟიმში წარმართონ. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კოლეჯები პროფესიულ სტუდენტებს შერეულ სწავლებას სთავაზობენ. პროფესიული სასწავლებლები სწავლების გარკვეულ კომპონენტებს დისტანციურ რეჟიმში ახორციელებენ, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს უსაფრთხო სასწავლო გარემოს შენარჩუნებას. გარდა ამისა, შენობებში სტუდენტთა მობილობის შემცირების მიზნით, კოლეჯებმა შეიმუშავეს ე.წ. „შეჭრილი“ სასწავლო გრაფიკი, რათა არ მოხდეს შენობაში ერთდროულად დიდი რაოდენობის სტუდენტების თავმოყრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. აკადემიის დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდს (IFES) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება გრძელდება. უკვე შემუშავდა სამოქალაქო განათლების ახალი მოდული, მასწავლებლის გზამკვლევი და სტუდენტთა სახელმძღვანელო.
საქართველოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში საჭირო უნარების განსახილველად საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დისტანციური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ლოჯისტიკის ასოციაციამ (GLA) უნარების კუთხით სექტორში არსებული გამოწვევების კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა. კვლევა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.