საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეული – 2021“ გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის. მოზარდები მთელი კვირის განმავლობაში საინტერესო და სახალისო ფორმატში ეცნობოდნენ მეცნიერების საფუძვლებს. მათ საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით შეხვედრებში და პირადად მოესმინათ ქართველ მეცნიერთა ლექცია-საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ზაალ აბაშიძესთან ერთად, ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სამი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ – გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიებას ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.
სამეცნიერო თემაზე შექმნილი ნახატების ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.