პედაგოგებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაზე საქართველოში, იმ მიმართულებებზე, რომელზედაც მომავალში ძირითადი აქცენტები გაკეთდება და ასევე დეტალურად განმარტა ის საგანმანათლებლო რეფორმები, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველას აინტერესებს რა ხდება განათლების სფეროში, რამდენად კვალიფიციურ ცოდნას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები სკოლებში, უმაღლესებში, პროფესიულ სასწავლებლებში და რამდენად გამოადგებათ ეს ცოდნა ცხოვრებაში.
პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, აბიტურიენტთა აბსოლიტური უმრავლესობა არჩევანს ჰუმანიტარულ სპეციალობებზე აკეთებს მაშინ, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიური წინსვლისკენ ისწრაფვის და სწორედ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგებს ანვითარებს. მომავალი წლიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სასწავლო გრანტის პირველი 20% ჰუმანიტართა ყველაზე ნიჭიერი ნაწილის დაფინანსებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 80%-ით საბუნებისმეტყველო სპეციალობების სტუდენტები დაფინანსდება.
მიხეილ სააკაშვილმა სკოლებში პრიორიტეტულად საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება დაასახელა და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა როგორც სკოლების კომპიუტერიზაციაზე, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარების განვითარებასა და უცხო ენების სწავლებაზე. ამ მიზნით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა 500-მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი, წლის ბოლომდე კიდევ 500 ჩამოვა და ისინი საქართველოს ყველა კუთხეში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან ჩვენ ბავშვებს.
მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგთა სერტიფიცირებასა და ხელფასების ზრდის პერსპექტივებზეც ისაუბრა, მან მადლობა გადაუხადა ყველა პედაგოგს ვინც, ქვეყნის გამოწვევა მიიღო და სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობდა. პრეზიდენტის განცხადებით, სერტიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს მიიღებს, 75 ლარიან დანამატს ის სხვადასხვა საგნის პედაგოგებიც მიიღებენ, რომლებიც კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნას იმ მინიმალურ დონეზე გაიღრმავებენ, რომ მათთვის იტერნეტით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს. პედაგოგის ხელფასს ასევე დაემატება მეტორ-მასწავლებლისა და დამრიგებლის ფიქსირებული ანაზღაურება და ჯამში ხელფასის 250-260 ლარიანი მატება დაფიქსირდება. ეს უკვე ამ სასწავლო წლისთვის იქნება შესაძლებელი, მომავალ წლებში ეს თანხა გაორმაგდება და კიდევ გაიზრდება.
შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი იმ სიახლეებსაც შეეხო, რაც 2010-2011 სასწავლო წლისთვის არის დაგეგმილი: დადგინდა სწავლის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული ფიქსირებული ვადები, შემოდის სემესტრული სწავლება, მოხდა სასწავლო პროგრამის გადახედვა, შემოდის აბიტურისა და სადამრიგებლო საათები, ახალი საგნები: მსოფლიო კულტურა და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, წელს დაიწყება ინგლისური ენის პირველი კლასის პროგრამის პილოტირება და გაძლიერდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება, ფიზკულტურის გაკვეთილები გარდაიქმნა სპორტის გაკვეთილებად, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებით, სპორტის გაკვეთილები პირველ ეტაპზე, იმ სკოლებში განხორციელდება, სადაც შესაბამისი ჰიგიენური პირობები იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სახეობებში სკოლებს შორის შეჯიბრის დიდ მნიშვნელობაზეც ისაუბრა: ”ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი თაობა და ჯანსაღი თაობისთვის ჩვენ სპორტის განვითარებული ლიგები გვესაჭიროება”, პრეზიდენტის განცხადებით, ამ მიზნითა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. იქმნება სპორტული დარბაზები, საქართველოს მასშტაბით 10-ზე მეტი სპორტის სასახლე აშენდა, მოეწყო 1000-ზე მეტი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, შენდება საციგურაო მოედნები, სათხილამურო ტრასები, რაგბისა და საკალათბურთო მოედნები. ”სპორტი არ უნდა იყოს ფუფუნება, იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსურველისთვის” ”- ბრძანა პრეზიდენტმა.
სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილების პილოტირებაც დაიწყება, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა -სკოლებში შემოვა როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური ცეკვების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის სწავლება. ეს სიახლე ჯერ რამდენიმე სკოლაში გაივლის პილოტირებას და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.
ახალი სასწავლო წლიდან გაძლიერდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, მოეწყობა თანამედროვედ აღჭურვილი სასკოლო საგნობრივი ლაბორატორიები, ასევე ფართოდ დაინერგება ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის სწავლებისას.
პრეზიდენტი სახელმძღვანელოების თემასაც შეეხო - გამკაცრდა გრიფირების წესი, გრიფირებული სახელმძღვანელო 5 წლის მანძილზე არ შეიცვლება. ყველა წიგნზე დაფიქსირებული იქნება მისი საბაზრო ღირებულება და წელს პირველად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელოებს უფასოდ ის პირველკლასელები მიიღებენ, რომელთა ოჯახებიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
მიხეილ სააკაშვილი პროფესიული კოლეჯების გაძლიერების თემასაც შეეხო: ”ყველაზე წარმატებულები ის ახალგაზრდები არიან ვინც 17, 18 წლის ასაკში პროფესია შეიძინეს და კარგადაც არჩენენ ოჯახებს” - განაცხადა პრეზიდენტმა. იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა რომელიმე პროფესია შეისწავლონ საჭიროა მომრავლებული კერძო უნივერსიტეტების ნაცვლად, კონკრეტულ, მოთხოვნად პროფესიაზე ორიენტირებული კოლეჯები გაძლიერდეს. სურვილის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელებას ახალგაზრდა 23 წლის ასაკშიც შესძლებს და ზუსტადაც ეცოდინება რა პროფესია უნდა აირჩიოს, მას უკვე საამისოდ გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობაც ექბება.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდა უმუშევარი იურისტები და ეკონომისტები, მაგრამ გაზრდილია მოთხოვნილება ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებზე: ”ჩვენ გვჭირდება ოფიცრები, მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები” - განაცხადა მიხეილ სააკაშვულმა. იგეგმება ქალაქგარეთ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის მშენებლობა, შეიქმნება ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს.
საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ”21-ე საუკუნის საქართველოს გზა განათლებაზე გადის, სიღარიბიდან ამოსვლის გზაც გადის განათლებაზე”. ამ პროცესში დიდია მასწავლებლის როლი, გაზრდილია თანამედროვე ახალგაზრდების მოთხოვნილება, ისინი 10-ჯერ მეტის მოსმენას და გაგებას ითხოვენ მასწავლებლებიდან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წახალისდება ყველა პედაგოგი, რომელიც თავის პროფესიაში ინოვაციური სწავლების მეთოდებს მიაგნებს, სპეციალური კომისია განიხილავს პედაგოგის ინიციატივას და მოწონების შემთხვევაში, იგი ყველა სკოლაში დაინერგება.
”გვაქვს ზუსტი ხედვა, ზუსტი მიმართულებები, ვიცით A წერტილიდან B წერტილში სწავლით როგორ უნდა მივიდეთ და ვიცით საბოლოო ჯამში რა სახის ამოცანა აქვს საგანმანათლებლო სისტემას, ეს ყველაფერი ექვემდებარება კორექტირებას” - აღნიშნა დასასრულს პრეზიდენტმა.