განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციანთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, განათლებისა და მეცნიერების სექტორში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ალექსანდრე წულაძემ ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთში დაგეგმილ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონფერენციებზე მოწვევისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა ხელს უწყობს ორი ქვეყნის მეტად დაახლოების პროცესს.
შეხვედრის მონაწილეებმა საუბრისას ასევე განიხილეს ჩინური ენის სწავლების, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმების პროექტისა და სტუდენტებისთვის ახალი გაცვლითი პროგრამების შემუშავების საკითხები.
თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა ალექსანდრე წულაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები დადებითად შეაფასა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.