ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
150 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა.
სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და სპორტული დარბაზი. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2 300 000 ლარამდეა, მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
სკოლის გახსნაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და პირველმა მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ.