საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძეს ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების სფეროს ადგილობრივმა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
კერძოდ, მინისტრმა შეხვედრები გამართა: ინდოეთის საუნივერსიტეტო გრანტების კომისიის (UGC) ხელმძღვანელ პროფესორ მამიდალა ჯაგადეშ ქუმართან; ინდოეთის პარლამენტის განათლების, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დიგვიჯაია სინგთან; განათლების დაგეგმვისა და ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის (NIEPA) ვიცე-კანცლერ შაშიკალა ვანჯარისთან და ეროვნული სამედიცინო კომისიის (NMC) თავმჯდომარესთან, პროფესორ ბ. ნ. განგადჰართან.
ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სფეროს წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები, გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის ინსტიტუციური კავშირის გაღრმავების, განათლების ურთიერთაღიარების, მეცნიერების ხელშეწყობისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებს.
ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა ინდურ მხარეს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. თავის მხრივ, მასპინძლებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პარტნიორობის გაფართოების მზაობა დაადასტურეს.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი, ანა მღებრიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, საქართველოს ელჩი ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.