საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელ ნოდარ ბოკერიასთან და ახლად არჩეულ წარმომადგენელ ილია მუშკუდიანთან შეხვედრა გამართა.
ალექსანდრე წულაძემ ნოდარ ბოკერიას თავისი მანდატის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისთვის მადლობა გადაუხადა და ილია მუშკუდიანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობის კუთხით არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბააკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს – ,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“, რომელიც პროგრამის – „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.