2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრმა, მოსწავლეებთან ერთად, არაფორმალურ შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა.
ალექსანდრე წულაძის განცხადებით, 198-ე საჯარო სკოლა, როგორც რესურსსკოლა, გამოირჩევა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისთვის. მინისტრის თქმით, სკოლა უახლოეს მომავალში უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 198-ე საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი აპარატურა გადაეცა.
თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე განათლებას იღებს და დამატებითი მომსახურებით სარგებლობს 200-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. მოზარდების აკადემიური, კოგნიტიური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი, ძერწვისა და ხატვის სახელოვნებო წრეები, ფსიქო-სოციალური და STEAM ლაბორატორია.
სკოლა მოსწავლეებს არაერთ დამატებით მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: მუსთერაპიას, არტთერაპიას, შრომისა და მეტყველების თერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურებას, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ტრანსპორტირებასა და კვებას.
სკოლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) დაფინანსებით, ახორციელებს.
198-ე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სპეციალური სკოლის მშენებლობას ითვალისწინებს. დონორის მოთხოვნის შესაბამისად, ახალ შენობაზე განთავსდება მზის პანელები, რაც გაზრდის სკოლების ენერგოეფექტურობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ინკლუზიური განათლების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, რაც მთლიანობაში ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის წინსვლასა და განვითარების ხელშეწყობაზე.
2022-2030 წლების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს განათლების ყველა საფეხურს, მიზნად ისახავს მრავალფეროვანი, ინკლუზიური, ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული, თანაბრად ხელმისაწვდომი განათლების სისტემის უზრუნველყოფას.
ამასთან, საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაძლიერებლად, 2024 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტიც დაემატა. კერძოდ, მანდატურის სამსახურში ჩამოყალიბდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ერთეული – ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც აერთიანებს განათლების სისტემის სხვადასხვა უწყებაში მანამდე არსებულ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების მხარდამჭერ მომსახურებებს.