საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი წარმატებით დასრულდა.
საინფორმაციო შეხვედრების შემაჯამებელი ღონისძიება თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინა მარგიშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ხათუნა ცერცვაძემ.
შეხვედრების ციკლი, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საჯარო სკოლებში ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. შეხვედრების ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მასტერკლასები, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზრის ტენდენციების, კარიერული განვითარების პერსპექტივებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში, სადაც საპილოტედ ხორციელდება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობა, რათა სტუდენტებმა შეიძინონ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის გაძლიერებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არაერთი აქტივობა და ღონისძიება იმართება.