საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთში პროექტის – „ახალგაზრდული რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბება გურიის რეგიონში‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა. მინისტრმა პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართვისას მიღწეული წარმატება მიულოცა, შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს სიტყვით ასევე მიმართეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა, არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ასევე, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული სივრცეების ფუნქციური გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ა(ა)იპ „განათლების საერთაშორისო ლაბორატორიის“ ორგანიზებით განხორციელდა. მასში მონაწილეობა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.