საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების არქივი განახლდა და მისი დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე: www.archive.propaganda.network
თანამედროვე ხელოვნების არქივი ორენოვანი მულტიმედიური ონლაინ პლატფორმაა და მისი მიზანია სისტემატიზაციაში მოიყვანოს და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ქართული თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის - „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებულია. სამინისტროს მხარდაჭერით არქივს დაემატა 36 ხელოვანის ახალი პროფილი და შეივსო არქივზე არსებულ ხელოვანთა ძველი პროფილები, „პროცესის“ ინტერაქციულ ველში გაიზარდა ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომლებმაც ხელი შეუწყო ქართული თანამედროვე ხელოვნების სივრცის განვითარებას და მემკვიდრეობის შექმნას, გაიზარდა კონტრიბუტორთა ოდენობა კერძო არქივის სექციაში და გაუმჯობესდა ვებგვერდის ოპერაციული სისტემა.
ონლაინ პლატფორმას იყენებენ, როგორც სფეროთი დაინტერესებული პირები - ხელოვნების პროფესიონალები, მათ შორის სტუდენტები, ისე ფართო საზოგადოება. ვებგვერდის ვიზიტორები ფიქსირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
„თანამედროვე ხელოვნების არქივის“ პროექტს საფუძველი 2013 წელს, ზაზა დარასელის ფონდის ხელშეწყობით ჩაეყარა. 2018 წელს არქივმა მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა. არქივარიუსთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ონლაინპლატფორმისთვის შიგთავსის მომზადებასა და მის გამდიდრებაზე.