ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონი, 1997. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს) IV განყოფილება შეეხება უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას, რომლის თანახმადაც ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს უმაღლეს განათლებაში დაშვებისათვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლას.
რამდენიმე მაგალითი:
2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე. მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად უმაღლესში, მინიმუმ, ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო. საქართველოში თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და ჩვენს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.