საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლებისა და მეციერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ინსტიტუციურ დონეზე.
მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო დონის პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც ოპერირებას 2020-21 სასწავლო წლიდან დაიწყებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის, აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. სწავლების ყველა საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, მიხეილ ჩხენკელი ისრაელის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განახორციელებას მიესალმება. რან გიდორმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება და სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში განხორციელდება. მხარეებმა ისრაელთან თანამშრომლობით ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.