ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას „ნიჭიერთა ათწლედში“ „ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიული წარსულის მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია შექმნეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. „ნიჭიერთა ათწლედში“ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა აღიზარდა.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწევებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. სასწავლებლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის მიერ დღემდე შემონახულია და ვითარდება სამუსიკო სწავლების ის გამორჩეული მეთოდოლოგია, რომელიც „ნიჭიერთა ათწლედის“ წინა თაობების პედაგოგებმა შექმნეს.