პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დისტანციურ ფორმატში გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატება უსურვა.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩის“ I ადგილი გიგი გუგუნავამ, ნია ნორაკიძემ და დიმიტრი გულუამ მოიპოვეს პროექტით: „რიგის კონტროლის სისტემა“. II ადგილი როსტომ ნიორაძეს, ნიკოლოზ თავდიშვილსა და ზურა კოპაძეს ხვდათ წილად პროექტისთვის: „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“. ხოლო III ადგილი გელა კუხიანიძემ, ნინიკო შარიამ და გეგა შავდათუაშვილმა დაიკავეს პროექტით: „დისტანციური დიაგნოსტიკა“.
გამარჯვებულებს ფულადი პრემია და სიგელები გადაეცათ. გამარჯვებულებს სიტყვით ასევე მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით 10 წელია ტარდება და მისი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია და ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.