საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ლევან ხარატიშვილმა ნატალია ვუტოვას საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და ამ საპატიო მისიის შესრულების საქმეში წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსა და ევროსაბჭოს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.
ლევან ხარატიშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წელი, რადგან 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო, ქალაქ ქუთაისში მასპინძლობს ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მე-10 ფორუმს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა და ლევან ხარატიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის. ნატალია ვუტოვამ მინისტრის მოადგილეს, ასევე, მიულოცა ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე 1 წლის ვადით არჩევა და უსურვა ნაყოფიერი მუშაობა. მან ასევე მზაობა გამოხატა, აქტიურად ჩაერთოს კულტურის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა ფორმატის საკონსულტაციო ორგანოებში.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კულტურის სფეროში Covid 19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მმართველი კომიტეტის მიერ გამოაქვეყნებული მანიფესტი „ციფრულ ეპოქაში ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ, რომელიც მომზადდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლის იუბილეს ფარგლებში და ასახავს როგორც მხატვრული შემოქმედებისა და კულტურული ინდუსტრიის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოებებისათვის, ასევე მხატვრული გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით რეგულირდება.