საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო სომხური ენის საგნის გამოცდისთვის შეფასების კრიტერიუმებისა და ტესტების შემუშავების მხარდაჭერას.
როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრო ბოლო წლებში პედაგოგთა მხარდამჭერ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის, უმაღლესი განათლების საფეხურზე ინერგება მასწავლებელთა მომზადების, აკადემიური პროგრამები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, მოქმედ პედაგოგებს, პროფესიული განვითარების მიზნით, ინტენსიურად უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება მასწავლებელთა პროფესიულ სქემაზე გაამახვილა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, ამ ეტაპზე სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც, პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობით, დოკუმენტის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორი ქვეყნის განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად სომხური და ქართული ენების კომპეტენციის შეფასების ინსტრუმენტების დახვეწას ითვალისწინებს.