საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ გრიფირების განაცხადების მიღება 2022 წლის 3 აპრილს დასრულდა. შემოსული განაცხადებიდან 41-მა წარმატებით გაიარა შემოწმება და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა.
სახელმძღვანელოების რეცენზირების I ეტაპი მაისის დასაწყისში, ხოლო II ეტაპი - ივნისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება არაუგვიანეს 2022 წლის 17 ივნისისა. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს.
მნიშვნელოვანია, რომ რეცენზირების ეტაპის პარალელურ პროცესს წარმოადგენს სახელმძღვანელოს მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) საჯარო განხილვა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებს, ასევე ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, ჩაერთოს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში.
14 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით გრიფირების ელექტრონულ პორტალზე – www.grifireba.emis.ge საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს მისთვის საინტერესო საგნის/საგნების სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსს და შესაბამის ველში დატოვოს კომენტარი.
დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავს შესაბამისი სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაკომპლექტებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერების, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტისაგან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კონკურსის გზით შეირჩა მასწავლებლის, დარგის მეცნიერისა და ფსიქოლოგის სტატუსის მქონე რეცენზენტთა კანდიდატურები. სახელმძღვანელოების რეცენზენტთა კონკურსის გზით შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან.