პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ “ტოპ სკოლაში” სრული დაფინანსებით ისწავლის. პენსილვანიის შტატის “ Perkiomen School” –ში სწავლის უფლება მან ASSIST სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა, რასაც უდიდეს წარმატებად მიიჩნევს და მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. 2022 წლის ივნისში ის უკვე აშშ-ში როჩესტერის GENIUS საერთაშორისო ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას ფიზიკისა და ბიოლოგიის სექციაში. ირწმუნება, რომ საქართველოს აუცილებლად ასახელებს, რადგან ამისთვის ბავშვობიდან ბევრს შრომობს.
„ჩემთვის ყოველი წარმატების უკან მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა დგას. ბავშვობიდან ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული გამოცდილება მიმეღო. მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად მუდმივად ვარ ჩართული სკოლის შიგნით თუ სკოლის გარეთ აქტივობებში. მუდმივად ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე და შესაძლებლობების დემონსტრირებაზე. მუსიკა, ცეკვა, ხელოვნება, პროგრამირება, ენები, ლიტერატურა, მეცნიერება თუ სპორტი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამიტომ მუდმივად ვმონაწილეობ სხვადასხვა ფესტივალში, კონკურსებსა თუ ჰაკათონებში".
ბაია გრძელიშვილი სიამაყით იხსენებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. მის გუნდს მუსიკალური „რობოტო ბენდის" შექმნისთვის მესამე საპრიზო ადგილი, ფულადი პრემია და ყოველთვიური სტიპენდია ერგო.
ჯერ მე-11 კლასელია, მაგრამ უკვე ილიაუნის საინჟინრო სკოლის დასრულებაც მოასწრო. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო Digi Edu Hack ჰაკათონში, სადაც მისი გუნდი საუკეთესოდ დასახელდა. 2021 წლის დეკემბერშიც, ბაიას გუნდი ტექნოპარკის მიერ განხორციელებულ რობოტიკის ჰაკათონზე მეორე საპრიზო ადგილისთვის დააჯილდოვეს.
16 წლის ბაია ამბობს, რომ მის მიერ მიღწეული წარმატებების გზა არ იყო მარტივი და ბევრი სირთულეც ახლდა. თუმცა, ყველა გამოწვევა მისთვის გამოცდილება იყო, რომელმაც ასწავლა, რომ მარცხს არ უნდა შეუშინდეს. იმავეს საკუთარ თანატოლებსაც ურჩევს:
„მარცხი წარმატების ნაწილია. გვეხმარება, მეტი ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ მიზნების მისაღწევად. მან არ უნდა შეგვაფერხოს, პირიქით ის მოტივაციის ბიძგად უნდა ვაქციოთ, რომ წარმატება დასაფასებელი გახდეს. სირთულეებიდან ვისწავლე მოვლენათა დადებითად დანახვა და ეს გამოცდილება ცხოვრების სწორად წარმართვაში მეხმარება.“
ბაია გრძელიშვილი საკუთარ მომავალს მეცნიერებაში ხედავს – სურს წარმატებული ბიოქიმიკოსი, ან ბიოინჟინერი გამოვიდეს და ახალგაზრდებისთვის მაგალითი გახდეს. რჩევები კი თანატოლებისთვის უკვე მზად აქვს:
„არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, ყოველთვის მიეცით საკუთარ თავს განვითარების საშუალება. მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო და ენერგია. გახსოვდეთ, ცოდნა მხოლოდ წიგნში ნაბეჭდი რიცხვები და სიტყვები არა არის.“
ბაია სკოლის მოსწავლეებს ურჩევს მეტად შეიყვარონ ისეთი საგნები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, რადგან თვლის, რომ სწორედ STEM საგნების სიყვარულმა განაპირობა მისი წარმატება როგორც სკოლაში, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.