ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ია რობაქიძე ქართულ ენას თითქმის 20 წელია ასწავლის. „არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენს მოსწავლეებზე აღფრთოვანებით გიყვებიან რა კარგად ფლობენ ქართული ენას“, – ამბობს პედაგოგი და სიამაყეს ვერ მალავს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება მისი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ია რობაქიძის პედაგოგიური საქმიანობა 23 წელს ითვლის. ქართული ენის მხარდამჭერ პროგრამაში ის დაარსებიდან, 2011 წელს ჩაერთო, მაგრამ უფრო ადრე სპეციალური პროგრამით ქართულ ენას წალკის მაღალმთიან სოფელ ჩივთქილისში ასწავლიდა: „ასე შევდგი ფეხი იმ სფეროში, რომელიც ჩემთვის გამოწვევა და შემდგომში მთავარი პროფესიული გზა აღმოჩნდა. წალკაში მუშაობის ორმა წელმა საოცარი გამოცდილება მომცა – მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის განათლება მხოლოდ ქართული სკოლებითა და ქართველი ბავშვებით არ შემოიფარგლება. სისტემას გაცილებით დიდი ამოცანები აქვს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით“, – აცხადებს პედაგოგი, რომელმაც ჩივთქილისში პროგრამის დასრულების შემდეგ, ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენინგების ჩატარება ბოლნისში გააგრძელა.
მშობლიურ ენას ია რობაქიძე ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის. პროფესიით ფილოლოგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპეტენცია 2010 წელს, პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების შემოღებისთანავე დაადასტურა: „არც მიყოყმანია, როგორც კი დაინიშნა, მაშინვე გავედი გამოცდაზე. მევალებოდა კიდეც, რადგან იმ დროს სკოლის დირექტორი ვიყავი და კოლეგებისთვის მაგალითი უნდა მიმეცა“, – იხსენებს უფროსი პედაგოგი, რომელმაც 2014 წელს ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა ჩააბარა. სტატუსის კიდევ უფრო ასამაღლებლად ის კომპეტენციის დადასტურებას სულ მალე წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე შეეცდება.
ია რობაქიძე: „ხშირად მეკითხებიან, როგორ მოხდა, რომ სკოლის დირექტორობა, ქართული სკოლა მივატოვე და სხვა რეგიონში სამუშაოდ და საცხოვრებლად ოჯახით წავედი. რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა, ცხადია, ძნელი იქნებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი შინაგანი სურვილი იყო – მეპოვა საკუთარი თავი იქ, სადაც პროფესიული გამოცდა მელოდა. მერწმუნეთ, ეს გამოცდა ნამდვილად რთულად ჩასაბარებელი იყო თუმცა, არც ვიცი ჩავაბარე თუ არა. ამას დრო და ჩემი მოსწავლეების წარმატება გვაჩვენებს. მანამდე კი მთავარია, ყველასთვის – მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ამოსავალი წერტილი მოსწავლე იყოს.
ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ მიფიქრია იმ სარგებელზე, რასაც არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის ვაკეთებთ. ამის მიუხედავად ვფიქრობ, „ყამირი ჯერ კიდევ გასატეხია“. ამიტომ, სწავლასა და კვლევას ჯერ კიდევ ვაგრძელებ. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებების დოქტორანტი ვარ. მართალია, მასწავლებლის და ოჯახურ ჭაპანწყვეტაში დრო ნაკლები მრჩება, მაგრამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ჩემი სათქმელით იქნებ ერთი პატარა წინადადება შევმატო ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკას. მითუმეტეს, ამ ძალიან საჭირო საქმესთან მუდმივი შეხება მაქვს – კოლეგების ჯგუფთან ერთად პროექტის ფარგლებში მეთოდურ და სასწავლო მასალებზე ვმუშაობ. სულ ახლახან საკმაოდ დიდი სავარჯიშოების კრებული დავასრულეთ, რომელიც მასწავლებლებს გამოადგებათ. ახლა საკითხავ მასალებზე ვაგრძელებთ მუშაობას“.
ია რობაქიძე კოლეგებთან ერთად ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოების თანაავტორიცაა. როგორც აღნიშნავს, ბედნიერია იმ ადამიანების გარემოცვით, რომლებისთვისაც საქმე, გადაჭარბების გარეშე, ცხოვრების უმთავრესი ნაწილია.
„ამ ყველაფრის მიუხედავად, არცერთი ფაქტორი ისე არ განსაზღვრავს ჩემი, როგორც მასწავლებლის ცხოვრებას, როგორც ჩემი მოსწავლეები. ვამაყობ, რომ ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე გოგონა დღეს ჩემი კოლეგაა და ქართულს ჩემს გვერდით ასწავლის. აზერბაიჯანული თემისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ზოგჯერ ჩემი ყოფილი მოსწავლეების შესახებ სხვები მიყვებიან. აღფრთოვანებულები არიან მათი ენის ცოდნითა თუ წესიერებით. ამ გრძნობას ჩემთვის არაფერი შეედრება. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსწავლეთა მშობლიური ენა არ ვიცი და მათი თემის კულტურაც განსხვავებულია. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი ამ განსხვავებულობის გააზრება და დაფასებაა. ვფიქრობ, ახალგაზრდებში კარგი მარცვალი ჩავდეთ საიმისოდ, რომ მათ შეძლონ ის, რასაც ჩვენი თაობა ვერ შეძლებს ან ვერ მოასწრებს“, – აცხადებს პედაგოგი.