საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, DAAD-ის გენერალურმა მდივანმა კაი ზიქსმა, DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში გებფარდ როილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და პირადად გერმანიის ელჩს საქართველოში მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების ყველა საფეხურის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების საქმეში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), ისევე როგორც სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან პარტნიორობა პროდუქტიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს.
მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართულ და გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობა, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით. საქართველოში მეცნიერების განვითარების საქმეში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის თანამშრომლობას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) 2022 წლის სტიპენდიებზე განაცხადი 359-მა პირმა გააკეთა, მათგან 104 შეირჩა. გამარჯვებულებს შორის არიან გერმანული სკოლის კურსდამთავრებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და პოსტდოქტორანტები, მათ შორის, შოთა რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. მათ შორის – ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას, გერმანული მხარის ჩართულობით ტრინაციონალური ერთობლივი პროგრამების განხორციელებას საუნივერსიტეტო დონეზე,
ინფორმაციის გავრცელებას გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, აგრეთვე DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და გერმანიაში დაფინანსების მოპოვების შესახებ, DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისათვის კონკურსების, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზებას სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის და სხვა.