პროფესიული განათლების გაძლიერებისა და ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, თბილისში პროფესიული უნარების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ გახსნა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლის დროს კვირეულის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კვირეულის ფარგლებში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, რაც პროფესიული განათლების სისტემას ახალ საფეხურზე აიყვანს.
კვირეული მიზნად ისახავს სისტემაში ჩართულ მხარეებთან დისკუსიის გამართვას და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრიორიტეტებზე კონსენსუსის მიღწევას. ამასთანავე, პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპისა და პროფესიული უნარების ეკოსისტემის განვითარების შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირებას.
ვალერიან გობრონიძე: "იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პროფესიული განათლების პოლიტიკა განვითარდება სანდო და ვალიდურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საშუალებას მოგვცემს სისტემა განვითარდეს იმგვარად, რომ კოლეჯები გარდაიქმნან მიმზიდველ დაწესებულებებად, სადაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ და გარდა პროფესიული უნარებისა, განივითარებენ ყველა იმ კომპეტენციას, რომელიც შრომის ბაზრის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და ასევე დაეხმარება შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარებაში".
კვირეული კონფერენციით „უნარების ეკოსისტემის კვლევა და განვითარება“ გაიხსნა, სადაც მონაწილეებს ორი მნიშვნელოვანი კვლევის - „დამსაქმებელთა კმაყოფილება“ და „პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება“ შედეგები წარედგინათ. კვლევები უნარების სააგენტოს დაკვეთითა და UNDP/SDC მხარდაჭერით ჩატარდა. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კვლევების მიგნებებზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც უნარების სექტორის შემდგომი განვითარებისთვის უნდა გადაიდგას.
წარმოდგენილ კვლევებს ვალერიან გობრონიძემ მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ მდგრადი, ინოვაციური და ინკლუზიური პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება არსებული სიტუაციის ანალიზის გარეშე შეუძლებელია.
მისივე თქმით, მსგავს კვლევებზე დაყრდნობით პროფესიული განათლების სისტემა კიდევ უფრო განვითარდება და კოლეჯების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დაინტერესებულ პირებს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას მიცემს. ისინი შეიძენენ შრომის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროფესიულ უნარებს და იმ კომპეტენციებს, რომელიც მათ შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარებაში დაეხმარება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი თემატური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მათ შორის საჯარო და კერძო სექტორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
კვირეული პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.