ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას წიგნის — „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ პრეზენტაცია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას წიგნის შინაარსი ზვიად გაბისონიამ გააცნო და ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმძღვანელოშია წარმოდგენილი.
წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
სახელმძღვანელო ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების რეგულირების საკითხებს, ცალკეული ქვეყნების შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ჩარჩო დოკუმენტებს ეძღვნება.
გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ხელოვნური ინტელექტის ევროკავშირის რეგულაციებსა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე, ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც აუცილებელია ქართული კანონმდებლობისთვის ხელოვნური ინტელექტის კონვენციის რატიფიცირებასა და მისი იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვისთვის.
სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესში ტექნოლოგიური მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით.
სამართლის დოქტორისა და თსუ-ის პროფესორის, ზვიად გაბისონიას ახალი გამოცემა პრაქტიკული გზამკვლევი იქნება აკადემიური წრეებისთვის, სტუდენტებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვისა და განათლებისა და იუსტიციის სისტემებისთვის.
წიგნის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.