სტუდენტებს, რომელთაც 20 მარტს და დამატებითი რეგისტრაციის დროს ვერ მოახერხეს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართვა, ეძლევათ შანსი ზაფხულის პერიოდში დასაქმდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სამუშაო ადგილი პროგრამის დარეგისტრირებული მონაწილის მიერ უარის თქმის ან გამოთიშვის გამო გათავისუფლდება, მის ადგილს სარეზერვო სიაში მყოფი სტუდენტი დაიკავებს.
სარეზერვო სიაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია საზაფხულო დასაქმების ვებგვერდზე www.summerjob.ge გაიარონ. პირადი ნომრის შეყვანის და სტუდენტის იდენტიფიცირების შემდეგ, პირი მისთვის სასურველ სამუშაო ადგილს ირჩევს, რომელზეც ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დასაქმდება. სტუდენტი ყურადღებით უნდა იყოს სამუშაოს არჩევის დროს, ვინაიდან მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილის არჩევაა შესაძლებელი.
სარეზერვო სიაში დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ სტუდენტი არდადეგების პერიოდში აუცილებლად დასაქმდება. იგი დასაქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ არჩეულ სამუშაო ადგილზე ვაკანსია გაჩნდება.
სარეზერვო სიაში დარეგისტრირება მსურველთათვის 18 ივლისს 12 საათზე დაიწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.