საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობას იწყებს. დღეს, ახალი სკოლის მშენებლობას იმერეთის რეგიონში ჩაეყარა საფუძველი. ვანის რაიონის სოფელ ზემოვანში თანამედროვე სკოლა 2013 წელს ამოქმედდება. მინისტრის მოადგილის გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, სამინისტრო ვალდებულების შესრულებას იწყებს, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 150 საჯარო სკოლის მშენებლობას ითვალისწინებს.
სოფელ ზემოვანის მოზარდები 20 წელია არაკომფორტულ, სწავლისათვის შეუფერებელ გარემოში, ყოფილი საკრებულოს შენობაში სწავლობენ. სოფლის მოსახლეობის ეს დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრება და მომავალი სასწავლო წლიდან ზემოვანის საჯარო სკოლის 150 მოსწავლე თანამედროვე სკოლაში გააგრძელებს სწავლას.
ორსართულიანი ევროპული სტანდარტების სკოლა თანამედროვე სასკოლო ინვენტარითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება, სკოლას ექნება დახურული და ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნები, სასკოლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და 200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.