2013 წლის 1 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისია სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია. კომისიის სხდომები გაიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში.
ქუთაისში გასვლითი სამუშაო შეხვედრის დროს არსებითად მოხდა 38 საქმის განხილვა, (მათ შორის 24 პედაგოგი, 12 დირექტორი და 2 რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი) რაც სრულად მოიცავდა იმერეთის რეგიონის განცხადებებს. ვიზიტის ფარგლებში კომისია გაესაუბრა უშუალოდ განმცხადებლებს. თითოეულ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაბარებული იყვნენ გათავისუფლების ფაქტების უშუალო მოწმეები, განათლების სფეროს მუშაკები და სხვა დაკავშირებული პირები. წარმოდგენილი საბუთები, დამატებითი დოკუმენტები და გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია უკვე თბილისში დამუშავდება და საბოლოო შედეგი კომისიის დასკვნის სახით ეცნობებათ განმცხადებლებს. განხილვის შემდეგ კომისია შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ყველა განხილულ საქმესთან დაკავშირებით. კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომისია შეიქმნა 2012 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით (№1475) და ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. კომისია დაკომპლექტებულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით.
2013 წლის 14 იანვრამდე კომისიის სახელზე შემოვიდა 830 განცხადება, რომელიც სრულად იქნა შესწავლილი. განცხადებების ნაწილი არ განეკუთვნებოდა კომისიის დებულებით განსაზღვრულ კომპეტენციას და ამიტომ განსახილველად გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო ნაწილი - წარმოდგენილი იყო არასრული სახით, რაზეც კომისიამ დაადგინა ხარვეზი და გამოსასწორებლად 10 დღიანი ვადა განუსაზღვრა განმცხადებლებს. მოცემული მდგომარეობით კომისიას არსებითად იხილავს 212 საქმეს, რომელთაგან 31 საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია.