განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებულია 53-ე სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ საკითხით მანიპულირებას და მოსწავლეების გამოყენებას პირადი მიზნების მისაღწევად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება გარე პირების მიერ მანიპულირებადი პროცესების ზეგავლენით.
სკოლის გათავისუფლებული დირექტორი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ 0.64 თეთრიანი დარღვევის შედეგად გათავისუფლდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია, დირექტორს ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება ფინანსური დარღვევების გამოსწორებასთან დაკავშირებით. მეორე შემოწმებისასაც კვლავ ფინანსური დარღვევები დადასტურდა.
გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას 53-ე სკოლის დარღვევების თაობაზე:
სკოლაში დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის წესი (ხელმოუწერელი მემორიალური ორდერები);
დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი (ხელმოუწერელი საინვენტარიზაციო აღწერები);
დარღვეულია შესყიდვების განხორციელების წესი (არ არის დამტკიცებული შესყიდვების გეგმა, შესყიდვები განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე);
სამი წელია არ არჩეულა ახალი დისციპლინური კომიტეტი (უნდა აირჩეს ყოველ წელს ახალი);
სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებულია არასრულად;
წრეები შექმნილია ერთპიროვნულად დირექტორის ბრძანებით, როცა უნდა იყოს განსაზღვრული სასკოლო სასწავლო გეგმით, დამტკიცებული და შეთანხმებული სამეურვეო საბჭოს მიერ;
გადასწორებულია ჟურნალები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლას არაერთი მითითება აქვს მიცემული;
არცერთი პირველკლასელის პირადი საქმე არ იყო შევსებული (უნდა შევსებულიყო წლის დასაწყისში);
მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელებულია ამისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე (კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და სანოტარო წესით დამოწმებული დაბ. მოწმობის წარდგენის გარეშე).