სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა Elsevier BV-ის მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში“ გაიხსნა.
ფორუმის მთავარი თემა იყო საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის სახელმწიფო დაფინანსების ეფექტურობის მაქსიმალური გაზრდა, სტრატეგიის შემუშავება, საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და კვლევის ხარისხის ამაღლება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი და განხილული იქნა კვლევის სტრატეგია და განვითარება როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე, ინფორმაცია შესაბამისი კვლევების შესახებ და კვლევის მენეჯმენტში არსებული მსოფლიო ტენდენციები. ასევე ფორუმზე საუბარი შეეხო ქართველი მეცნიერების ჩართულობას საერთაშორისო კვლევებში, მათ მხარდაჭერას და წახალისებას.
ფორუმზე ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კინწურაშვილი და STM ჟურნალების დირექტორი მარტინ ომალი.
მარტინ ომალის განცხადებით - ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ქართველი მეცნიერების მხარდაჭერას. ელსევიარი არის მაშტაბური სამეცნიერო ჟურნალთა ბაზა. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსთან გასულ წელს, ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართველი მეცნიერების კვლევების განვითარებას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კვლევები არის გლობალური აქტვივობები და ამით ჩვენ ვეხმარებით ქართველ მეცნიერებს გამოიყენონ საერთაშორისო გამოცდილება, რათა უფრო უკეთ აწარმოონ კვლევები.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები და პრორექტორები სამეცნიერო დარგში, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.
ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა Elsevier BV შორის წარმატებულ პარტნიორობას. საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით - მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურით. ამასთან, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს წვდომა აქვს (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროქტების დაფინანსების საძიებო ბაზასა და რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე.