საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად, მხარდაჭერით დასაქმების სერვისის დანერგვა დაიწყო და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის ახალი სამსახური შექმნა. ეს არის საქართველოში პირველი სისტემური მიდგომა შშმ და სსსმ პირთა დასაქმებისათვის. პროექტი საზოგადოებას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ წარუდგინეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გასაუბრება 11 ადამიანის შესარჩევად (1 მხარდაჭერითი დასაქმების კოორდინატორი და 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი), რომლებიც შშმ და სსსმ პირებს პოტენციურ დამსაქმებლებს დააკავშირებენ და დასაქმებაში დაეხმარებიან.
ინიციატივას წინ დიდი სამუშაოები უძღოდა - შემუშავდა მხარდაჭერით დასაქმების კოორდინატორისა და კონსულტანტის სამუშაო აღწერილობები, ითარგმნა ევროკავშირის მხარდაჭერითი დასაქმების ინსტრუმენტი. ახალი ინიციატივის თითოეულ ნაბიჯზე ქართულ მხარეს კონსულტაციას უწევდა მხარდაჭერითი დასაქმების ექსპერტი და საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე გასაუბრებების პროცესში.
პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წელს დაიწყო. შედეგად, 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სსსმ და შშმ 426 პირი ჩაირიცხა 23 პროფესიულ სასწავლებელში, 30-მდე სხვადასხვა პროგრამაზე. სასწავლებელი დაამთავრა ჩარიცხულ სტუდენტთა 40%-მა, ხოლო დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობა მხოლოდ 31-ია. პირთა პროფესიული განათლება წარმატებულ ინიციატივად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მას კურსდამთავრებულთა დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება მოჰყვება. შესაბამისად, განათლების სამინისტროსთვის აქტუალურ საკითხს, პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, სსსმ სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერა წარმოადგენს.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დამსაქმებლებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ არიან სამუშაოს მაძიებელი პირები, მათი ცოდნის, უნარებისა და ინტერესების შესახებ. შემუშავდა რეკომენდაციები, რომ არსებობდეს შუალედური რგოლი დამსაქმებლებსა და შშმ და სსსმ პირთა შორის და დამსაქმებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის.
განათლების სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს ჩართულობით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შშმ და სსსმ პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე.
ამასთანავე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა პუბლიკაცია დამსაქმებლებისათვის, სადაც განმარტებული იქნა, თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რატომ შეიძლება იყოს ეს მომგებიანი დამსაქმებლისათვის.
სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ 2016 წლიდან ამოქმედდება ახალი სერვისი.