ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს ,,ახალი ტალღა“ და ესტონეთის პროფესიულ კოლეჯს “ვალგა“ შორის ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტი მოქმედებს, რაც მძიმე და მასშტაბური ტვირთების ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას გულისხმობს. სატრანსპორტო ლოგისტიკის ამ მიმართულების სპეციალისტები არის ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ქართული ეკონომიკის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა.
აქამდე, ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ იყვნენ კვალიფიციური ლოგისტიკური ოპერატორები, რომლებსაც კომპლექსური ლოგისტიკური სერვისის წარმოება შეეძლოთ. ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში კი, უკვე გადამზადდა კოლეჯის ,,ახალი ტალღა“ სტუდენტების პირველი ჯგუფი, მათ ესტონეთში გაიარეს სატრანსპორტო ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამა.
კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარემ მარიამ ჯაშმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ესტონეთის პროფესიული კოლეჯის “ვალგა“დირექტორმა მარკუს ოიაუტსმა.