2019 წლის 11-13 თებერვალს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საქმიანი ვიზიტით იმყოფება ქ. ოქსფორდში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ფონდს შორის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ერთი წლის მანძილზე თავიანთი სამეცნიერო კვლევა აწარმოონ ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების (Bodleian Library, University of Oxford) ბაზაზე ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის, ხელნაწერთა შესწავლის მიმართულებით.
ზვიად გაბისონია აგრეთვე შეხვდა ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford) პროფესორებს: ბალიოს კოლეჯის (Balliol College) პროფესორს, ბატონ როჯერ ქაშმორს (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ფიზიკა); წმ. ანტონის (St. Antony College) კოლეჯის პროფესორებს კრისტოფერ გერის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), დენ ჰეილის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), ალან როის (სოციალური მეცნიერებები) და ნილ მაკფარლეინს (სოციალური მეცნიერებები); გლობალური და ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის პროფესორებს ედმუნდ ჰერციგს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), მარკ ბერნეტს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), პოლ ჩასტს (სოციალური მეცნიერებები); ასევე ბოდლეინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ჯილიან ევისონს და გააცნო მათ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების ძირითადი ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, სამეცნიერო მიმართულების პრიორიტეტიზაციის და სამეცნიერო კლასტერების განვითარების პერსპექტივებს. ბრიტანელმა პროფესორებმა ფონდის გენერალურ დირექტორს გაუზიარეს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცდილება და მზადყოფნა გამოთქვეს რეფორმების განხორციელების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ფონდის გენერალური დირექტორის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ჰუბერტუს იანის შეხვედრა, სადაც განიხილეს უნივერიტეტის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან კებრიჯის, ბირმინგემის და სხვა., საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას და მხარი დაუჭიროს საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.