18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება. მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. ამავე დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. წელსაც, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.
წელს, აქციას „ღამე მუზეუმში“ კერძო მუზეუმებიც შეურთდნენ. სულ, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს 114 მუზეუმი, მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 500 - მდე ღონისძიება.
18 მაისისა და აქციის „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების კალენდარი:
მუზეუმების საერთაშორისო დღე - დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 -ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას. ინიციატივა გულისხმობს ფართო პუბლიკის ჩართულობას. 2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“.
აქცია „ღამე მუზეუმში“ - 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. აქციამ, შემდგომ წლებში ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა, თუმცა, მან ვერ მიიღო ტრადიციული სახე. ტრადიციად „ღამე მუზეუმში“ მხოლოდ 2015 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დამკვიდრდა. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა.
2017-2018 წლების სტატისტიკა:
2017 წლის 27 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 80-მდე (60 000 ვიზიტორი), 2018 წლის 21 მაისს - 101 მუზეუმში. გასულ წელს მხოლოდ ერთ ღამეში მუზეუმებს ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობა - 103 000-მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა. სოციალური მედიისა და ტელევიზიების საშუალებით ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მუზეუმის, როგორც აქტიური საგანმანათლებლო-კულტურული ინსტიტუციის პოპულარიზაციას.