საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საკონტაქტო პირების ქსელის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომელთაც კოორდინაციას სამინისტრო უწევს.
სამუშაო შეხვედრაზე „ჰორიზონტი 2020“ საკონტაქტო პირებმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პროგრამაში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ 2020 წელი „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის განხორციელების ბოლო წელია. შესაბამისად, სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ამოქმედებას მომზადებული შეხვდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამით გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაციის აქტიურად გავრცელების გარდა, სამინისტროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საგრანტო ოფისების სახით ისეთი მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც „ჰორიზონტი 2020“-ისა და Horizon Europe-ის კონკურსებით დაინტერსებულ გამორჩეულ ქართველ მკვლევართა ჯგუფებს დაეხმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებაში, ასევე გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის საპროექტო წინადადებების მომზადების თვალსაზრისით.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ქართველმა საკონტაქტო პირებმა მინისტრის მოადგილესა და სხვა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ხედვა, თუ როგორ გაუმჯობესდეს „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი. ასევე, მზადყოფნა გამოთქვეს, ჩაერთონ მხარდამჭერი მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში.
მხარეები მომდევნო შეხვედრების ფორმატზეც შეთანხმდნენ. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მეცნიერების პოლიტიკის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში სამინისტროსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის დისკუსიებისა და განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთშეჯერების მნიშვნელობას.