უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანს მათი სამეცნიერო მიღწევების გაცნობა და საჭიროებების გამოკვეთა წარმოადგენდა.
მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენა წარმოადგენს, რის საფუძველზეც გადაიხედება მეცნიერების დაფინანსების პოლიტიკა და შემუშავდება მეცნიერთა მხარდაჭერის მეთოდები. ამ მიზნით შეხვედრები გაიმართა შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან:
შეხვედრებზე მეცნიერებმა ბოლო წლების ძირითადი შედეგები და 2019 წლის სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს, ასევე გამოკვეთეს ის საჭიროებები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევის წარსამართად.
ნუნუ მიცკევიჩმა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსების წილი. მოდელის სრულყოფა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ მეცნიერებს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა Horizon Europe და მასში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესების მექანიზმებიც გააცნო.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შემუშავებისა და დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.