საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
ღასან ხალილმა მაღალი შეფასება მისცა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს. მან სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის მზაობას საქართველოში დისტანციური სწავლების მხარდაჭერის კუთხით.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში სამინისტროს მთავარ ამოცანას განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა წარმოადგენს და UNICEF-ის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტისა და ქართული საკომუნიკაციო პლატფორმის „ფიდს“-ის გამოყენებით.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით 30 მარტიდან დაწყებული ახალი პროექტის „ტელესკოლის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრის თქმით, ამ პროექტით ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა და სხვადასხვა საგანში ტელეგაკვეთილების მოსმენა ყველა მოსწავლეს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან. გარდა ამისა, პროექტი ეთნიკური უმცირესობების ინტერესებსაც ითვალისწინებს და მათთვის უკვე ტარდება ქართული ენის ტელეგაკვეთილები. ეტაპობრივად კი, უახლოს დღეებში, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება. მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელების პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ჩარჩო დოკუმენტის შესახებ, სადაც საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დასახელდა.
მიხელ ჩხენკელმა ღასან ხალილს UNICEF-ის ეგიდით განათლების მინისტრების საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის ორგანიზება შესთავაზა, რათა მსოფლიოს ქვეყნებმა შეძლონ პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, კონფერენციის შედეგები თვალსაჩინოს გახდის ბავშვთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის – გაეროს ბავშვთა ფონდისათვის, თუ რამდენად არის დაცული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება პანდემიის პირობებში.