18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
ამ დღის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „18 აპრილი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღეა და წელს ამ თარიღს მთელი სამყარო განსაკუთრებულ პირობებში აღნიშნავს. უპრეცედენტო გამოწვევათა პირისპირ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის მიერ ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების შედეგად შექმნილი მემკვიდრეობა მუდმივი ღირებულებაა, რომლის დაცვა უმნიშნელოვანესია.
საქართველოს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა საკაცობრიო საგანძურის ფასდაუდებელი ნაწილია. მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ზემო სვანეთის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აღიარებულია იუნესკოს მიერ.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის რეესტრშია შესული ხუთი ისტორიული ხელნაწერი: „საქართველოს ბიზანტიური ხელნაწერები”, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“, „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა კოლექცია”, „საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები”, „ოთხთავი”.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული არამატერტიალური მემკვიდრეობის - ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისა და ქართული ჭიდაობის აღიარება საერთაშორისო დონეზე.
დღეს, როდესაც საქართველოს მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და ძეგლები ფართო საზოგადოებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაიხურა, დარგობრივი ინსტიტუტები დისტანციურ რეჟიმში მაინც აგრძელებენ საქმიანობას. მადლობას ვუხდი მათ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მაღალი თვითშეგნებით განაგრძობს მუშაობას ჩვენი საერთო მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, უძრავი ძეგლების ვირტუალურ-შემეცნებითი ტურების მოსაწყობად, რასაც დღეს განსაკუთრებული საგანმანათლებლო მნიშვნელობა ენიჭება და დიდი წვლილი შეაქვს საერთო ძალისხმევაში უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.“