საქართველოს მუზეუმების ასოციაცია ICOM საქართველოსა და ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით, პროექტის BE MUSEUMER ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მუზეუმები კოვიდ 19-ის პერიოდში - გამოწვევები, გადაფასებები, პერსპექტივები“. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მიიღო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონფერენციის ძირითადი თემატიკა სამუზეუმო საქმიანობას ეხებოდა. მონაწილეებმა მუზეუმებში პანდემიით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სამუზეუმო ციფრული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში სამუზეუმო საქმიანობის სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციის ფარგლებში სესია დაეთმო პროექტ BE MUSEUMER-ის ბენეფიციართა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მოხსენებებს.
კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სამუზეუმო სფეროს ცნობილი ექსპერტები, მათ შორის: პიტერ კელერი (ICOM-მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გენერალური დირექტორი), ჯულია პაგელი (NEMO-ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის გენერალური მდივანი), შერონ ჰილი (დიდი ბრიტანეთის მუზეუმების ასოციაციის დირექტორი), დიანა პარდუე (ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის კომიტეტის პრეზიდენტი, აშშ), კორინ ვეგენერი (სმითსონის ინსტიტუტის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის დეპარტამენტის დირექტორი, აშშ), დავით ლორთქიფანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი), მარია ქრისტინა ვანინი (ევროპა ნოსტრას ექსპერტი, იტალია), ინგა ქარაია (ICOM საქართველო, პრეზიდენტი), ანტონიო კარლოს რუიზ სორია (Economia Creativa, დამფუძნებელი და დირექტორი, ესპანეთი), ნიკოლოზ ანთიძე (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი), ტრილცე ნავარეტე (ერაზმუს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰოლანდია), დარკო ბაბიჩი (ICOM ICTOP-ის პრეზიდენტი, ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ხორვატია), ალექსანდერ დებონო (მალტის პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში, მალტის უნივერსიტეტის პროფესორი), ბიორნ სტენვერსი (კულტურის მენეჯმენტის აკადემია, ნიდერლანდები) ვენქე მადერბაჰერი (ICOM CECA ევროპის კოორდინატორი, ორჰუსის მოსგარდის მუზეუმის განათლების და კულტურის დეპარტამენტის დირექტორი, დანია), შირინ მელიქოვა (აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმის დირექტორი, ICOM აზერბაიჯანის პრეზიდენტი), ანი ავაგიანი (ICOM სომხეთის პრეზიდენტი) და სხვ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში ათასობით მუზეუმი დაიკეტა და მათი ხელახლა გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს; მათ შორის საქართველოში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლისთვის 20 ივნისიდან, გრაფიკის მიხედვით იხსნება. პირველ ეტაპზე გაიხსნა ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.
პროექტი BE MUSEUMER ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის კულტურის პროგრამის გრანტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ფინანსური ხელშეწყობითა და საქართველოს მუზეუმების ასოციაცია ICOM საქართველოს, NEMO - ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის, ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.