საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა თემაზე: „პანდემიური და პოსტ-პანდემიური ონლაინ განათლების შესაძლებლობები და გამოწვევები“.
ნუნუ მიცკევიჩმა თავის გამოსვლაში გაზაფხულის სემესტრის დისტანციური სწავლების შედეგები შეაჯამა და შესაძლებლობად ქცეულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ნუნუ მიცკევიჩი: „მოგეხსენებათ, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლის პროცესი მთლიანად გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. მსოფლიო პანდემია იყო ახალი გამოწვევა თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, განათლების სისტემამ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოახერხეს მოცემულ ვითარებაში ადაპტირება, დროულად და ეფექტიანად გადაეწყვნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე, გამოიყენეს სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა რესურსი და შედეგად წარმატებით დაასრულეს სემესტრი.“
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ყველა უნივერსიტეტის წინაშე ერთი საერთო გამოწვევა დადგა, პროცესი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით წარიმართა. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით ეხელმძღვანელათ. ასევე, საგანგებოდ შეიქმნა ელექტრონული სწავლების უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებისას ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ეს პროცესი გაზაფხულზევე, პანდემიური სიტუაციის დასტაბილურებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყო.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია, უმაღლესი განათლების მიმართულებით მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მისი თქმით, პანდემიის დროს მიღებული გამოცდილება სწავლებაში დისტანციური კომპონენტის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ნუნუ მიცკევიჩმა თავის გამოსვლაში უდიდესი ძალისხმევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტების რექტორებს, ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, რომელთაც მყისიერად შეძლეს დისტანციურ სწავლებაზე გადაწყობა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ, ხოლო ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.