საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ფესტივალის ორგანიზატორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
16-18 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი ასევე უმასპინძლებს ნორჩ ქართველ ტალანტებს. ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების მხარდასაჭერად, დაგეგმილია მოსმენა და მასტერკლასები. ბათუმში დაგეგმილ კონცერტებს მაყურებელი ტელეკომპანია POSTV-ის პირდაპირი ეთერით იხილავს.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც მეოთხეჯერ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი განსაკუთრებული ღირებულებებისა და მუსიკალური განათლების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.
ფესტივალი იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/batumimusicfest