16-17-18 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დისტანციურ ფორმატში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მას მაყურებელი არ დაესწრება. დაგეგმილ კონცერტებს მსმენელი ტელეკომპანია POSTV-ის პირდაპირი ეთერით იხილავს.
ფესტივალის უცხოელი მონაწილეები საკუთარი ქვეყნებიდან ჩაერთვებიან პირდაპირ ეთერში. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე ფრანგი მეთოდოლოგი მიშელ სონი სემინარს დიგიტალურ ფორმატში გამართავს და მუსიკალური აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც მეოთხედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი განსაკუთრებული ღირებულებებისა და მუსიკალური განათლების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.
ფესტივალი იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია POSTV. სპორნორი სადაზღვევო კომპანია არდი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/batumimusicfest